დაკითხვა

ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

facebook.com/OfficialPOG

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. მასთან ერთად დაბარებული იყო ასევე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თუმცა, ის საქართველოში არ იმყოფება. 

"დაკითხვა შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს. მინდა განვაცხადო, რომ ამჟამად ვიმყოფები საზღვარგარეთ, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. ჩემი გამგზავრების შესახებ, ოფიციალური განცხადებით მივმართე პროკურატურას ჯერ კიდევ 13 ივლისს, რომლითაც ვატყობინებდი, რომ მივემგზავრებოდი უცხოეთში სამკურნალოდ. პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ჩვენგანის კონსტიტუციური მოვალეობაა, შესაბამისად, 28 აგვისტოს ვიქნები თბილისში და გამოვთქვამ მზადყოფნას, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო", - აცხადებს შაშკინი.

დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში სისტემატურად, ყოველდღიურად და ჯგუფურად ხდებოდა, როგორც საკნებში, ასევე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ბაჩანა ახალაიაც, დაიკითხება.

 

კომენტარები