დაკითხვა

სააკაშვილი დაცვის წევრების დაბარებაზე: ეს აზარალებს საქართველოს რეპუტაციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მისი დაცვის ყოფილი უფროსის, დაცვის წევრებისა და ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვას ეხმაურება.

"გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩემი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა, უბრალოდ ჩემი თანაშემწე, საზღვარზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ. ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცებში. წინა ჯერზე რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს კიევში, რომ არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე. დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ. ისინი ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პირის სამსახურში.

დღეს დაიბარეს დასაკითხად სანდრას დამლაგებელი, და არა მზარეული, როგორც გამოაცხადეს. სანდრა თვითონ აკეთებს საჭმელს და მზარეული არ სჭირდება.

ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ უნდა არსებობდეს?! ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე. რა თქმა უნდა, ყველა მხრებს იჩეჩავს და ეს აზარალებს საქართველოს რეპუტაციას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქმეს, რომელზეც მთავარ პროკურატურაში დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი, დაცვის წევრები და დამხმარე ქალბატონის დაკითხვა მიმდინარეობს, გრიფი საიდუმლო ადევს.

კომენტარები