პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტის ავტორი განათლების სამინისტროა.

ცვლილებების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და დეკანებს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ. დღეს კანონი ამას არ ითვალისწინებს.

განათლების სამინისტროს კანონპროექტში ასევე ეწერა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლები პრემიერმინისტრს უნდა დაენიშნა. თუმცა, ამ ცვლილების მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც აღმოჩნდნენ. შედეგად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. მის შემადგენლობაში კი შევლენ ის პირები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური, სამეცნიერო თანამდებობა და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ექნებათ.

ამავე ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესიც განისაზღვრა. ასევე აკადემიური პერსონალის შემადგენლობას სასემინარო და კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად ასისტენტის აკადემიური თანამდებობა დაემატა.

კომენტარები