საქართველოს პროკურატურა

მერაბიშვილის ადვოკატს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა გადასცეს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა ვანო მერაბიშვილის ადვოკატს პროკურატურამ გადასცა. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა. 

პაიჭაძის თქმით, ამ დასკვნაში ცალკეული ასპექტებია შეფასებული, თუმცა რაიმე ცალსახა მითითება არ არის. 

"ვერ გეტყვით, რომ ეს დასკვნა ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან რამეს ცვლის. ამის შეფასებას მე ვერ გავაკეთებ. ეს არის ცალკეული პოზიციების დახასიათება, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება არავითარი შედეგი. მე ვადასტურებ იმას, რომ გიორგი ჩივიაშვილს პროკურატურამ ნამდვილად გადასცა ეს დასკვნა", - აღნიშნა პაიჭაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა მას პროკურატურამ გადასცა.

ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატი მოითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა ან მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. 

კომენტარები