ფოთი

ეკა ბესელიამ ფოთში საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ რვათვიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა საკუთარ ამომრჩეველს.

ფოთის ამომრჩევლები დეპუტატს ძირითადად სოციალურ პრობლემებზე ესაუბრნენ. ბესელიას აზრით,  ის რომ სოციალური პრობლემატიკა მოუგვარებელია, ეს ადგილობრივი თვითმმართველობების არაეფექტური მუშაობის შედეგია.

"ყველაზე სუსტი რგოლი, ამ საქმიანობაში იყო ის, რომ რეაგირება არსებულ პრობლემებზე თვითმმართველობის მხრიდან არ ხდება. ძალიან კარგი კომუნიკაციაა მთავრობასთან, ძალიან ბევრ ინიციატივაზე მივიღეთ მხარდაჭერა, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ სოციალური პრობლემები. ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავუგზავნეთ თვითმმართველობებს, რომელზეც, ან დადებითი, ან საერთოდ არანაირი პასუხი არ მიგვიღია,"- განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას შეხვედრას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლუის ნავაროც ესწრებოდა.

"დღევანდელი შეხვედრა, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ყველა მაჟორიტარმა თავის ოლქში. ეს არის შეხვედრა თავის ამომრჩეველთან, სადაც მოახსენებს მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ და ამავე დროს მოისმენს მოსახლეობისგან, თუ რა პრობლემები აწუხებთ მათ. დღევანდელ შეხვედრაზე, ქალბატონმა ეკამ მოისმინა პრობლემები, რომელიც შეეხებოდა თევზჭერას, წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჯანდაცვას და ასე შემდეგ. ამავე დროს, ქალბატონ ეკას ქონდა შესაძლებლობა, ფოთის მოსახლეობისთვის გაეცნო ის პროექტები, რომელზეც მისი ოფისი მუშაობდა. ზოგადად, ეს შეხვედრა არის, იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ვახორციელებთ პარლამენტისთვის, ჩვენი დონორის აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით", - განაცხადა ნავარომ.

კომენტარები