აგვისტოს ომი

ეუთო აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

ეუთო ოფიციალურ ვებგვერდზე აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს, სათაურით "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი: ხუთი წლის შემდეგ".

ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში აგვისტოს ომმა ასობით ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებული ათასობით პირი დატოვა.

"5 წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიყენებულ ზიანს. ეუთოსთვის და მის მისიაში მონაწილე სახელმწიფოებისთვის კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ორგანიზაციას მანდატის არსი: უსაფრთხოების სივრცის შექმნა თანამშრომლობის საფუძველზე, განსხვავებულობის პატივისცემა, ნდობის დამყარება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისადმი მისწრაფება", - წერია წერილში.

ეუთოს მიერ გავრცელებულ ტექსტში ასევე წერია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მშვიდობასა და სტაბილურობას იმსახურებს.

"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნაა. ის განხილავს საკითხებს, რომლებიც  კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. ეს მოიცავს სახიფათო ზონაში მყოფი ფერმერების უსაფრთხოებას, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძიების ხელშეწყობასა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების უსაფრთხოების გზების ძიებას. ამ საკითხების განსახილველად IPRM ტერიტორიაზე ყოველთვიურ შეხვედრებს მართავს. ამუშავდა "ცხელი ხაზი", რათა IPRM-ში ჩართულ ოფიციალურ პირებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდეს. ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ შეხვედრების გამართვას სოფელ ერგნეთში ხელს უწყობენ", - აღნიშნულია წერილში.

ტექსტში ასევე წერია, რომ ეუთო ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ცხოვრების პირობებს აუმჯობესებს.

კომენტარები