საქართველოს ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი: მომავლის პერსპექტივა საკმაოდ დადებითია

government.gov.ge

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს, 7 აგვისტოს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა. დეპუტატები ქუთაისში ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრებს დახურულ კარს მიღმა უსმენდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობამ მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან მიიღო გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, შესრულდება.

"ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ახალი ინვესტიციები იგეგმება და რა პროცესშია პროექტები. უახლოეს ხანებში ამ თვალსაზრისით სერიოზულ გააქტიურებას ველით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ "საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის" და რომ სახელმწიფო დააფინანსებს ყველა სოციალურ ვალდებულებას, მათ შორის, გაზრდილ ვალდებულებას.

"განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელიც ცდილობდა ერთჯერადი, სრულიად უაზრო პროექტებით ზრდის იმიტაცია გაეკეთებინა, ჩვენ გრძელვადიან ზრდაზე ვართ ორიენტირებული, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა თავისუფალი ბიზნესის პირობებში მოხდეს გრძელვადიანი და სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა", - განაცხადა ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი აცხადებს, რომ "არანაირად კატასტროფული მდგომარეობა არ არის და მომავლის პერსპექტივა საკმაოდ დადებითია".

 

კომენტარები