ეგვიპტე

არაბული შემოდგომა: როდესაც დემოკრატია ვერ ქაჩავს (მაგრამ ვეღარც ავტოკრატია)

როგორ შევაფასოთ ის, რაც ეგვიპტეში ხდება? დემოკრატიული მსოფლიო ღრმად დაბნეულია და კარგად ვერ ხვდება, რა თქვას. აქვს კიდეც დასაბნევი.

რევოლუცია-2
თუ რესტავრაცია?

ჯერ იყო გაზაფხული (მერე რა, რომ სინამდვილეში – ზამთარი, მეტაფორული აზროვნება თავისას მოითხოვს, თან ეგვიპტეში ზამთარშიც თბილა): ხალხი გამოვიდა ქუჩაში დიქტატორის გადაყენებისა და დემოკრატიული წესრიგის დამყარების მოთხოვნით. მან თავისი გაიტანა: შერცხვენილი დიქტატორი გადადგა, დემოკრატიული არჩევნები შედგა, ხალხის რჩეულებმა გაიმარჯვეს. დემოკრატიულ სამყაროს თავიდან მაშინაც გაუჭირდა პოზიციის ჩამოყალიბება („ეს მუბარაქი ხომ, სხვასთან შედარებით, ნორმალური ტიპია?"; „სად არაბები და სად დემოკრატია?"), მაგრამ მალევე მოეგო გონს და „არაბული გაზაფხული" მქუხარე ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. აბა, რა უნდა ექნა: როცა ხალხსა და დიქტატურას შორის კლასიკური დაპირისპირებაა, როგორ გინდა, პირველს არ დაუჭირო მხარი!

მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ ხალხის არჩეული მთავრობა მთლად დემოკრატიულად ვერ იქცევა, არც ადამიანების ცხოვრება უმჯობესდება (უფრო პირიქით) და, საერთოდ, „ეგვიპტური ოცნება" არ მუშაობს. იგივე ხალხი (ან ძირითადად იგივე), ვინც წინა დიქტატორი „გააცილა", იმავე მოედანზე გამოვიდა და ამჯერად უკვე ახალი მთავრობის შეცვლა მოითხოვა. მაგრამ პიესის მეორე აქტს აღარ ახლავს ის სიცხადე, რაც პირველს, ამიტომ არ იცი, რა ადგილებში დაუკრა ტაში: ხალხი დაუპირისპირდა ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც ერთი წლის წინ ხალხმავე აირჩია და მისი დიდი ნაწილი კვლავ უჭერს მხარს – მეტიც, ხალხის ის მეორე ნაწილი არანაკლებ არის მზად, ქუჩაში გამოსვლით გამოხატოს ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა. არ მკითხოთ ახლა, ზუსტად რამდენი პროცენტია ვის მხარეზე – დემოკრატიული ლეგიტიმურობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სამაგიეროდ, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არბიტრის როლში მოგვევლინა არმია – ანუ ის ძალა, რომელსაც „გაზაფხულზე" გაძევებული დიქტატორი ემყარებოდა. მიტინგები მიტინგებად, მაგრამ დემოკრატი-დიქტატორის გადაყენების ტექნიკური ამოცანა სწორედ არმიამ დაასრულა.

ესე იგი, რა იყო ეს: დემოკრატიული რევოლუციის გაგრძელება (გაზაფხული-2), თუ სამხედრო გადატრიალება (ანუ რესტავრაცია)? გლობალური პოლიტიკური კომენტარიატი ცხარე დისკუსიებშია ჩართული.

დემოკრატიის დილემა

ჩვენთვის ნაცნობი – სიტყვაკაზმულად რომ ვთქვათ, მტკივნეულად ნაცნობი სიტუაციაა. ჩემი აზრით, თავისთავად ის დაშვება, რომ ამ ორი შეფასებიდან მაინცდამაინც ერთ-ერთი უნდა შეარჩიო, ან დოქტრინალური პედანტიზმია, ან პოლიტიკური იმპერატივი (ხომ უნდა განსაზღვრო, ვის მხარეზე ხარ?). რეალობა კი ისაა, რომ ის, რაც მოხდა, ორივეა, ანუ დემოკრატიული რევოლუციის გაგრძელებაც და სამხედრო გადატრიალებაც.

ეგვიპტის დრამა (თუ ტრაგედია?) არახალია. ის გამოხატავს იმ დილემას, რაც დემოკრატიას, როგორც მასების ბატონობას, დასაბამითვე დაყვება. რა ვქნათ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული და პოპულარული მმართველი, ანუ ხელისუფლება, რომელიც რეალურად სარგებლობს დემოსის ნდობით, არადემოკრატიულად იქცევა – ანუ უსპობს იმავე დემოსს შანსს, გარკვეული დროის შემდეგ, თავისი მოყვანილი ხელისუფლება დადგენილი წესების ანუ კონსტიტუციის თანახმად „გაუშვას" და მისთვის იმ წუთში უფრო მისაღებით შეცვალოს? ჰიტლერი ამ დილემის ყველაზე ცნობილი და დრამატული გამოხატულება იყო, მაგრამ მას შემდეგ იმავე პრობლემამ, სხვადასხვა სახით, არაერთხელ იჩინა თავი.

დემოკრატიის აქტივისტებს მაინცდამაინც არ უყვართ (უნდა მეთქვა: არ გვიყვარს) ამის შეხსენება, მაგრამ პრობლემა ფუნდამენტურია და „სუბიექტური ფაქტორით" ვერ აიხსნება. მისი ძირი შემდეგია: შეიძლება, დემოსი სულაც არ იყოს დემოკრატი. უფრო სწორად, ის ინსტინქტური დემოკრატია ერთი მარტივი აზრით: მას მოსწონს იდეა, რომ შეუძლია თავის ნებაზე ცვალოს ხელისუფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ პრინციპების გაზიარებას, ურომლისოდაც თანამედროვე კონსტიტუციური დემოკრატია რეალურად ვერ იარსებებს: ცნოს უმცირესობის უფლება, არ დაეთანხმოს უმრავლესობას, საკუთარი ნება მხოლოდ კონსტიტუციის მიერ მკაცრად გაწერილ ჩარჩოებში გამოხატოს და ა. შ. დემოსს შეიძლება არ ესმოდეს, რომ სინამდვილეში „ხალხი" მხოლოდ აბსტრაქციაა, რომელიც პოლიტიკური სისტემის ზოგად ლეგიტიმაციას ახდენს, რეალურად კი არსებობს მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდი და ჯგუფი, რომელიც (თუ მართლა დემოკრატიაა) შეთანხმებული წესების ფარგლებში წყვეტს უამრავ კონფლიქტს, რაც აზრთა და ინტერესთა დაპირისპირებიდან წარმოდგება.

დემოკრატიის რომანტიკული ხატია ხალხით გადავსებული მოედანი, რომელიც დიქტატორის გადადგომას მოითხოვს. ამ ხატის გამოჩენა ტელევიზორის ეკრანებზე ენთუზიაზმით და სოლიდარობის განცდით აღავსებს მრავალი ადამიანის გულს მთელ მსოფლიოში. ემოციურად, მეც ამ ადამიანთაგანი ვარ. მაგრამ ბოლო საუკუნეების ისტორიამ კარგად გვასწავლა, რომ მორიგი „ჩაუშესკუს" გადაყენება შედარებით ადვილი საქმეა და თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, დემოსმა ამის შემდეგ „გაქაჩოს" დემოკრატია, ეს კი გაცილებით ძნელია და შედარებით იშვიათად ხდება. თუ ვერ ხდება, ჩვეულებრივ იმიტომ, რომ დემოსია უმწიფარი.

დემოსის სიმწიფის პირველი უტყუარი ინდიკატორი მის მიერ შექმნილი ორგანიზაციებია. როგორც ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, ფეისბუკის ეპოქაში „დიქტატორების" წინააღმდეგ ხალხის მობილიზაციას დიდად ფორმალიზებული ორგანიზაციები და ლიდერები აღარ სჭირდება. რა კარგია, არა? დემოკრატიას ხომ სპონტანურობა უყვარს! მაგრამ დიქტატორი რომ დაემხობა და ეიფორია დაცხრება, მერე სწორედ ორგანიზაციები ხდება გადამწყვეტი.

ერთადერთი სერიოზული ორგანიზაცია, რომლის შექმნა ეგვიპტელმა დემოსმა შეძლო, მუსლიმთა საძმოა. „სერიოზული" ნიშნავს გამძლეს, ერთ პიროვნებაზე არადამოკიდებულს, ცვალებადი გარემოს მიმართ ადაპტაციის უნარის მქონეს. მეორე ასეთი ორგანიზაცია, ოღონდ სახელისუფლებო ელიტების შექმნილი, არმიაა. მათი მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ დემოკრატია დიდად არცერთს არ ეხატება გულზე. დემოკრატია უნდა ტაჰრირის მოედანზე გამოსულ ხალხს (იქიდან, რასაც დასავლელ კორესპონდენტებს ეუბნებიან, ვასკვნი, რომ, ბევრ მათგანს მაინც, გულწრფელად უნდა). კი უნდა, მაგრამ ვერ ქაჩავს, უფრო სწორად, ქაჩავს მხოლოდ ნეგატიურ ნაწილში – არადემოკრატიულ მმართველს უპირისპირდება, მაგრამ სერიოზულ დემოკრატიულ ორგანიზაციებს ვეღარ ქმნის. ამიტომ გამარჯვებულები გამოდიან ისინი, ვისაც ორგანიზაცია აქვს. „გაზაფხულზე" ხალხის დემოკრატიული ემოცია ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა ერთმა არადემოკრატიულმა ძალამ – მუსლიმთა საძმომ. „შემოდგომაზე", ისევ ხალხის ენთუზიაზმის ტალღაზე, მას არმიამ გადაუხადა სამაგიერო.

ქართული პარალელები

ასეთ მდგომარეობაში ბევრი უმწიფარი დემოსია, განსაკუთრებით ისლამურ სამყაროში, თუმცა არამხოლოდ იქ. მეჩვენება, რომ ეგვიპტესთან შედარებით ცოტა წინა ვართ წასული დემოკრატიულ განვითარებაში, მაგრამ ტიპოლოგიურად მსგავსი პრობლემები გვაქვს. ჩვენც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სერიოზული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გვყავს: ეკლესია და მის ორბიტაზე არსებული ჯგუფები. რამდენად თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის მოტრფიალენი არიან ისინი, თავად განსაჯეთ. დასავლური დემოკრატიის მომხრე სამოქალაქო საზოგადოება ჯერ, უკეთეს შემთხვევაში, ფეხს იდგამს: არავინ უწყის, რა დარჩება მისგან, თუ ღმერთმა დაიფაროს და დასავლეთი გრანტებით კვებას შეუწყვეტს. წინა ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სხვა ქმედუნარიანი ორგანიზაციები: პოლიცია, ჯარი და სხვა (რაღაც ზომით, დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე). ჯერ ნაადრევია თქმა, გაუძლებენ თუ არა ისინი მთავარ ტესტს – მთავრობათა ცვალებადობას. გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, ხომ არ იქმნება პირველი რეალური პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით. რამდენად გამართლდება ეს იმედი, ამის თქმა ნაადრევია, თან ახალი ხელისუფლება ასეთი პრეცედენტის არდაშვებას, ჯერჯერობით, თავის ძირითად ამოცანად თვლის. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები ჯერ არ ჩანს.

ასე რომ, არსებითად ქართული დემოსიც განვითარების მსგავს სტადიაზეა: უკვე აღარ ეგუება აშკარა ავტოკრატიას, მაგრამ ჯერ არა აქვს იმის შნო, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მყარად დააფუძნოს.

პრაქტიკული გაკვეთილები

მაგრამ დავბრუნდეთ ეგვიპტეში. „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ" – სავარაუდოდ, ეს კითხვა აწუხებს ახლა იქაურ დემოკრატებს. ვაგრძელოთ რევოლუციები, სანამ, რაღაცნაირად, „კარგ ხელისუფლებას" არ გავარტყამთ? ამას შეიძლება კიდევ ათწლეულები დასჭირდეს, ხოლო ამასობაში ქვეყანას და მის ეკონომიკას, ღმერთმა უწყის, რა დაემართება. შევინარჩუნოთ ავტორიტარიზმი, სანამ საშუალო კლასი არ დასტაბილურდება და ხალხი არ განათლდება? თანამედროვე საზოგადოება ამასაც ვერ ეგუება. მოკლედ, თუ დემოკრატი ხარ, კარგი ვარიანტი არ არსებობს: არჩევანი ცუდებს შორისაა. შარშანდელი იმედები, რომ ხელისუფლებაში მოსული მუსლიმთა საძმო გაზომიერდებოდა და დემოკრატიის წესებს პატივს სცემდა, არ გამართლდა. ახლა მთელი იმედები იმაზეა, რომ არმია მოპოვებულ ძალაუფლებას მხოლოდ ვიწროკორპორაციული ინტერესებისთვის არ გამოიყენებს და უფრო ინკლუზიური სისტემის შექმნას შეუწყობს ხელს. ვნახოთ.

მაგრამ იქიდან, რაც უკვე მოხდა, დემოკრატიის მეგობრებმა, ეგვიპტეში და სხვაგან, სულ მცირე, ორი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ.

პირველი: ხალხი არ არის უმწიკვლო კრავი, რომელიც დიქტატორებს სასაკლაოზე მიჰყავს. ხანდახან ხალხს მოჰყავს დიქტატორები, ქმნის დიქტატორებს, უბიძგებს ხელისუფალთ, დიქტატორებივით მოიქცნენ, ან – ეს კიდევ სხვა ვარიანტია – მმართველებს დიქტატორობას აბრალებს, რათა საკუთარი უუნარობა და უმწიფრობა დაფაროს. შესაბამისად, დემოკრატიის ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობაა „ხალხის" თუ საზოგადოების განვითარება, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს არა უბრალოდ განათლებას ან ელიტების მეშვეობით „ცნობიერების ამაღლებას", არამედ პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. ამას დრო და მრავალი კრიზისის გამოცდილება უნდა. ჯერ არავის შეუქმნია მწყობრი თეორია, როგორ ხდება ეს, თუმცა დემოკრატია მხოლოდ ასე ხდება.

გაკვეთილი მეორე: დემოკრატია არ არის უფლება, რომელიც ალაჰმა ან რომელიმე სხვა ზემდგომმა ორგანომ უნდა აგისრულოს. დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების ამბიციური სურვილი ქმნის მოვალეობას, იმუშაო ინსტიტუტების შექმნაზე.

შესაბამისად, დემოკრატებმა უნდა განაგდონ ყალბი ლოზუნგი: „სისტემა უნდა დაინგრეს". კი, დასანგრევი სისტემებიც არსებობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ლოზუნგი ყალბია: მაგალითად, ის ყალბი იყო 2012 წლის სექტემბრის საქართველოში. სისტემის ანუ ინსტიტუტების გარეშე ცივილიზებული ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, ნებისმიერ ინსტიტუტს აქვს სერიოზული ხარვეზები და მას ყოველთვის შეიძლება დააბრალო რეპრესიულობის რაღაც ხარისხი, რადგან ის გარკვეულ საზღვრებს უწესებს ადამიანის სპონტანურობას. „სისტემის ნგრევის" პათოსს ადვილად გადავყავართ ეიფორიის და თვითტკბობის მდგომარეობაში, რომელიც რაციონალურ განსჯას ბლოკავს. თუ დემოკრატია გინდა, უნდა აღიარო ერთადერთი სწორი მიდგომა: „სისტემა უნდა აშენდეს, და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი".

კომენტარები