ლევან კორტავას საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არასამთავროებო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას პასუხობს.

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტრომ დღეს, 6 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი:

"ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 2013 წლის 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ რამდენიმე პირი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, "გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც, სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: "გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს". რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი".

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება, 5 აგვისტოს გაავრცელეს. მათი თქმით, გამოძიებამ გეგუთის #14 დაწესებულების ყოფილი დირექტორის მალხაზ სინაურიძის კავშირი აუცილებლად უნდა განიხილოს. ის თანამდებობიდან ლევან კორტავას ინციდენტის შემდეგ გადააყენეს. "სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

 

კომენტარები