ლევან კორტავას საქმე

ლევან კორტავას საქმეზე ბრალი კრიმინალურ ავტორიტეტებს წაუყენეს

www.ambebi.ge

პროკურორ კონსტანტინე კაციტაძის განცხადებით, მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ამის შესახებ კაციტაძემ ჟურნალისტებს დღეს უთხრა.

მისივე თქმით, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20.00 საათზე, სად-ის #14 დაწესებულებაში ე.წ. ქურდული წესების მიმდევარებმა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ კრიმინალური ავტორიტეტისთვის, კერძოდ შოთა სინაურიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.

"10 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანს და თეიმურაზ გურეშიძეს ბრალად წარუდგინა - ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა", - განმარტავს პროკურორი.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გელა უშხვანის, სოლომონ დაშნიანისა და თეიმურაზ გურეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ლევან კორტავას გარდაცვალება კიბიდან გადმოვარდნამ გამოიწვია. 

კომენტარები