სტალინის ძეგლი

სტალინის ძეგლის აღდგენა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობაზე აისახება

wikipedia.org

იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენა საქართველოში, ამ ქვეყანასა და ესტონეთს შორის თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის წევრმა, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანდერს ჰერკელმა განაცხადა.

"საქართველოს დასავლელი მოკავშირეები ამას ვერ გაიგებენ და ამას უარყოფითი გავლენა ექნება ესტონეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. საქართველოს ახალი ლიდერები ამ თანამშრომლობას აუცილებლად მიიჩნევენ, მაგრამ უეჭველია, ეს ნაბიჯი, სხვა შედეგებთან ერთად, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ენთუზიაზმსაც შეამცირებს", - განაცხადა ჰერკელმა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას გაემიჯნა, ესტონელ დეპუტატს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიეღო. "ეს არადამაჯერებელია, რადგან საქართველოში არცერთი თვითმმართველობა არ გააკეთებს იმას, რასაც ცენტრალური მთავრობა სწორად არ მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელობის საკითხებში", - აღნიშნა ჰერკელმა.

მისი აზრით, ეს ნაბიჯი ასევე დამატებით ეჭვებს აღძრავს მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების მტკიცებებთან დაკავშირებით, თითქოს ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავებების უკან პოლიტიკური მოტივი არ დგას და ისინი მხოლოდ კორუფციასა და ძალაუფლების გადამეტების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

"ასეთი განცხადებები დამაჯერებლად არ ჟღერს მაშინ, როდესაც ამავე დროს ხდება იმ ადამიანის ძეგლის აღდგენა, რომელიც მე-20 საუკუნის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით და რომელმაც ხალხებს ტანჯვა და მილიონობით ადამიანს სიკვდილი მოუტანა", - განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.

კომენტარები