კოალიცია ქართული ოცნება

დავითაშვილი უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

დეპუტატი კობა დავითაშვილი კოალიცია ქართულ ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.

"ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - განაცხადა დავითაშვილმა. 

დეპუტატმა დღეს, 2 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც გაუმართლებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის "სასამართლოს დამოუკიდებლობის ზეიმად" გამოცხადება.

"ძვირფასო მეგობრებო, ახალაიას გამართლების გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამარჯვებად კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. სასამართლო დამოუკიდებელია კანონისგან და თავისუფალია სინდისისგან. ის დამოკიდებულია იმ დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და თურმე კიდევ უნდა დავპირდეთ, რომ ასეთი დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ახალაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ხალხის დაცინვაა, "ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას".

"ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კომბინაციაზე და ამ კურსის ისეთი თვალსაჩინო მაგალითებისა, როგორიცაა უარის თქმა ნაფიც მსაჯულთა სავალდებულობაზე და საერთო სასამართლოების კანონში გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები დანაშაულებრივ რეჟიმის მიმართ", - აცხადებს დავითაშვილი და ამბობს, რომ ამ დათმობების შედეგად საქართველოში იუსტიციის საბჭოს "სამარცხვინო არჩევნები" შედგა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ლოიალურ შეფასებებს, ხვალ შესაძლოა მოჰყვეს მერაბიშვილის გამართლება და სხვა "ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება".      

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი შენიშვნა ჰქონდა მისივე კოალიციის წევრებთან, მაგალითად, შსს მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და განათლების ყოფილ მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან. თუმცა, ყველაზე რეზონანსული, დავითაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დაპირისპირება გახდა. აპ­რილში დე­პუ­ტატ­მა და­ვი­თაშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სერ­გე­ენ­კომ დე­პუ­ტა­ტის­გან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლეო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ან ბო­დი­შის მოხ­და მო­ით­ხო­ვა. და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ იგი მი­ნის­ტრის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს. მოგვიანებით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნისტრმა გა­ნაც­ხა­და, რომ ის დე­პუ­ტატ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და მას ეჩხუბა. თუმ­ცა, პრე­მი­ე­რის ბიზ­ნეს­ცენ­ტში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სერ­გე­ენ­კომ და და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია.

საგულისხმოა ისიც, რომ 30 ივლისს, ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოალიცია ქართულ ოცნებაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში დეპუტატი კობა დავითაშვილის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"კობა დავითაშვილი ცალკე მოვლენაა. ძალიან ადვილია პოლიტიკოსმა მოიწყო ასე ცხოვრება. კობა ერთი კაცია - პარტია თვითონ არის, დილით გადაწყვეტილებას იღებს, საღამოს აღასრულებს და მარტივია ცხოვრება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ხელისუფლება - ესაა ერთი გუნდი და იმ გუნდში ხშირადაა მწვავე კამათი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები