უწყებათაშორისი კომისია

კინწურაშვილი: მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობა იყო

www.internet.ge

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის მთავარი განსახილველი თემა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ის ძალადობრივი ინციდენტებიც იყო, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ასევე განვიხილეთ პოლიტიკური დაკავებები და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება წინასაარჩევნო პერიოდში. ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში, რომლებიც არასამთავრობოებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. გარკვეულ საკითხებზე თანხვედრა არ იყო კომისიის უმრავლესობასთან. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა კასპში უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პედაგოგების დაბარებას,“ - აღნიშნა კინწურაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ბოლო შეხვედრა უშიშროების საბჭოს ფორმატში. თამარ კინწურაშვილმა წარმატება უსურვა ახალ კომისიას და აღნიშნა, რომ ყველა იმ საკითხს რომელიც შესულია კომისიაში ან გამოვლინდა მედიის მონიტორინგის შედეგად, გადასცემენ ახალ შემადგენლობას.

კინწურაშვილის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გაიმართება უწყებთაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რადგან ჯერ კანონი უნდა შევიდეს ძალაში და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდეს.  

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონში პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა.

კომენტარები