პოლონეთი-საქართველო

იაროსლავ კაჩინსკიმ ივანიშვილს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

twojewiadomosci.com.pl

პოლონეთის ოპოზიციური პარტიის - პრავო ი სპრავედლოვოსტის - ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა და გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პოლონური ინტერნეტგამოცემა Wiadomosci იუწყება. როგორც გამოცემა კაჩინსკიზე დაყრდნობით წერს, პოლონელმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ივანიშვილს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნო.  

"სახელმწიფო, რომელსაც ყოფილი პრემიერი დაპატიმრებული ჰყავს და არ აძლევს მას ოჯახთან შეხვედრის საშუალებას, NATO-სა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატად სერიოზულად ვერ განიხილება. გთხოვთ, იგი საპატიმროდან გაათავისუფლოთ", - განაცხადა, Wiadomosci-ს ცნობით, კაჩინსკიმ ივანიშვილთან შეხვედრისას.

როგორც შეხვედრის შემდეგ პოლონური დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ პორებამ განაცხადა, ივანიშვილმა სტუმრის არგუმენტები არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელსუფლების წარმომადგენელთა დაკავებები კანონის დაცვით მოხდა.

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის სეიმის დელეგაციასთან ერთად საქართველოში 30 ივლისს იმყოფებოდა. თბილისში ყოფნისას პოლონელმა პოლიტიკოსმა ციხეში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. კაჩინსკიმ აღშფოთება გამოთქვა იმ პირობების გამო, რომელშიც მერაბიშვილი საპატიმროში იმყოფება.

პრემიერთან შეხვედრამდე პოლონეთის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. 

კომენტარები