ნაფიცი მსაჯულები

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, მეზობლის მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი, მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა. ახალკაციშვილი რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით კი, მას ბრალდება რამდენიმე მუხლზე მოეხსნა და ბრალდება მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დაედო. ვერდიქტის მიხედვით, იგი მკვლელობის ჩადენის დროს, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა. საქმე ეხება 2005 წელს ვაჟა ახალკაციშვილის მხრიდან ბინის შეძენის ფაქტს, რომლის სანაცვლოდაც მან 11 000$ გადაუხადა მეზობლებს - და-ძმა ციალა და ელგუჯა ნიკოლიძეებს. ამის შემდეგ, მეზობლებს შორის გაუგებრობა მოხდა. საქმე პროკურატურას გადაეცა, რის საფუძველზეც ერთ-ერთი მეზობელი ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მალე გაათავისუფლეს. ადვოკატის განცხადებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ელგუჯა ნიკოლიძესთან ვაჟა ახალკაციშვილი მივიდა და მისი შეშინება სცადა. შელაპარაკების შემდეგ, ვაჟა ახალკაციშვილმა და-ძმის მიმართულებით გაისროლა, რის შედეგადაც და გარდაიცვალა, ხოლო ძმა დაიჭრა. ამის შემდეგ, ვაჟა ახალკაციშვილი დააკავეს.

სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახით და ზომად, ახალკაციშვილს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით და 6 თვის ვადით განუსაზღვრა.

კომენტარები