პროკურატურის ცნობით, ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე მოსამართლემ ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
"ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ბრალდებულმა ავტომანქანაში მჯდომ დაზარალებულს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა, თუმცა იგი ქვამ შეაჩერა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) ჰქონდა წარდეგნილი.





