უმაღლესი განათლება

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტები სსიპ-ებად გარდაიქმებიან

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს მთავრობის 29 ივლისის დადგენილებებით, სახელმწიფოს მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აქამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით არსებობდნენ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაიქმნებიან.

პრემიერი ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი მთავრობის დადგენილებები საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

გარდაქმნა შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მთავრობის შესაბამის დადგენილებებში მითითებულია, რომ აღნიშნული უნივერსიტეტების მართვის ორგანოებს (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ფაკულტეტების საბჭოებს, დეკანებსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს უფლებამოსილება დარჩენილი ვადის ამოწურვამდე არ შეუწყდებათ. უნივერსიტეტების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა კი განათლების სამინისტროს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს, პარლამენტმა წარმატებით დაძლია პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონი, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის შესაძლებლობას ეხებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა გააპროტესტეს მათი იურიდიული სტატუსის შესაძლო შეცვლის საკითხი, როგორც უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვის მცდელობა.  სწორედ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვის საშიშროებაზე აპელირებდა პრეზიდენტიც, როდესაც აღნიშნულ კანონპროეტს ვეტოს ადებდა. პარლამენტმა კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები არ გაიზიარა და ძალაში დატოვა მის მიერ 19 აპრილს მიღებული ცვლილებები. 

კომენტარები