უმაღლესი განათლება

ტაბატაძე: ცუდ ლექტორებს და ცუდ აკადემიურ საბჭოს ურჩევნიათ, ჰყავდეთ ცუდი რექტორი

N. Alavidze / agenda.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, იყრის კენჭს. გიორგი შარვაშიძე მინისტრის მოადგილის პოსტს 2016 წლის სექტემბრამდე იკავებდა - მანამ, სანამ არჩევნებში კენჭისყრას გადაწყვეტდა. თსუ-ში მარტის გახმაურებული მოვლენების დროს დაპირისპირებული ორივე მხარისთვის, აუდიტორია #115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობისთვის, შარვაშიძის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, გიორგი შარვაშიძის რექტორობა უნივერსიტეტის ავტონომიურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

არის თუ არა გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა თსუ-ის ავტონომიურობისთვის საფრთხის შემცველი, სურს თუ არა ხელისუფლებას შარვაშიძის რექტორობით უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესების გატარება და სადამდე შეუძლია ხელისუფლებას ჩაერიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ისე, რომ არ დაარღვიოს მისი ავტონომიურობა? - ტაბულას ამ შეკითხვებს, ექსპერტი განათლების დარგში, შალვა ტაბატაძე, პასუხობს.

გიორგი შარვაშიძე ჯერ 1989 წელს, შემდგომ კი, უკვე 2013 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელზეც უარი თქვა, რადგან თსუ-ის რექტორის პოსტისთვის იყრის კენჭს. ხომ არ ბადებს ეს ფაქტი გარკვეული სახის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესების გატარება სურს?

მთავარ პრობლემას მე ვერ ვხედავ, კონკრეტულად გიორგი შარვაშიძე, მინისტრის მოადგილე რომ არის კანდიდატი, უფრო მეტ პრობლემას ვხედავ დღევანდელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, რომელიც მზად არის, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება ხელისუფლებისთვის, დაამტკიცოს რექტორის კანდიდატად. ანუ ის, რომ მინისტრის მოადგილეს სურს რექტორობა, ამაში ნაკლებ პრობლემას ვხედავ. პრობლემა თსუ-ის ავტონომიურობაშია თავისთავად, ვიდრე შარვაშიძის სურვილში.

შარვაშიძე იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, სწორედ ის არის პრობლემა, რომ აკადემიური საბჭო მათ მხარს დაუჭერდა. მთელი საუნივერსიტეტო კორპუსიდან ჯერჯერობით არ ჩანს კონკრეტული ადამიანი, რომელიც შეიძლება, კონკურენტად აღვიქვათ გიორგი შარვაშიძისთვის.

რა თქმა უნდა, ცდუნება ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება, რომ თავისი სასურველი კანდიდატი გაიყვანოს. აქ პრობლემაა, რამდენად არის უნივერსიტეტი იმ დონეზე, რომ მსგავსი ტიპის ცდუნებებისგან გაათავისუფლოს ხელისუფლება. შესაძლებელია, საერთოდ არ იყოს ეს სახელისუფლებო ჩანაფიქრი, რომ საკუთარი რექტორი ჰყავდეს, მაგრამ უნივერსიტეტი თავისთავად ამას ასე აღიქვამს და მხარს დაუჭერს ამ კანდიდატს, რაც ძალიან ცუდია და პრობლემა უნივერსიტეტში უფროა, ვიდრე შარვაშიძეში.

იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო აირჩევს გიორგი შარვაშიძეს თსუ-ის რექტორად, დაირღვევა თუ არა ამით უნივერსიტეტის ავტონომიურობა?

ამას გვაჩვენებს პრაქტიკა. იმის მიხედვით, რას გაატარებს გიორგი შარვაშიძე. მე უნივერსიტეტის ავტონომიურობის დღესაც არ მჯერა. უნივერსიტეტი ავტონომიური არ არის, ეს ერთი, და მერე მეორე, იმის არ მჯერა, რომ უნივერსიტეტს ავტონომიურობა სურს. დღეს ეს აბსოლუტურად არ იკვეთება.

უნივერსიტეტში, როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს, ხშირ შემთხვევაში, ურჩევნიათ, ბრძანებები პირდაპირ წამოვიდეს სამინისტროდან და მათ უბრალოდ განახორციელონ. აკადემიურ პერსონალს ურჩევნია, გამზადებულ სილაბუსში ჩაწერონ რაღაცები, ვიდრე თავად შექმნან. დიდ ნაწილზე ვსაუბრობ და არა ყველაზე, ცხადია. უფრო მოქნილი ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნის და ელექტრონული მართვის სტრუქტურაზე გადასვლაზე, უნივერსიტეტს ურჩევნია ეს დირექტივა მიიღოს სამინისტროსგან, ვიდრე თვითონ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. იმის თქმა მინდა, რომ მთავარი ხარვეზი ისაა, რომ ავტონომიურობის სურვილი ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალში უნივერსიტეტს დიდად არ გააჩნია.

თუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უდიდესი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, მათ ურჩევნიათ არჩევნებით მოიყვანონ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მათ სტაბილურობას უზრუნველყოფს, მიუხედავად მათი დაბალი კვალიფიკაციისა, და არ მოიყვანონ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მათ კვალიფიკაციის გამო გაათავისუფლებს აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობიდან. ცუდ ლექტორებს და ცუდ აკადემიურ საბჭოს ურჩევნიათ ჰყავდეთ ცუდი რექტორი, რომელიც მათ სტაბილურობას უზრუნველყოფს და არ უნდათ რეფორმატორი რექტორი, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული. ამ შემთხვევაში, ეს ავტონომიურობა და არჩევითობა, შესაძლებელია, უფრო მეტ პრობლემას ქმნიდეს მსგავსი ტიპის უნივერსიტეტებში.

თქვენ რას ფიქრობთ, იქნება გიორგი შარვაშიძე რეფორმატორი რექტორი თუ იქნება, როგორც თავად აღნიშნეთ, ცუდი აკადემიური საბჭოსთვის სტაბილურობის გარანტი?

მე გამიჭირდება ამის თქმა, იქიდან გამომდინარე, რომ შარვაშიძეს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც, ბევრად ადრე, ჰქონდა შესაძლებლობა, სერიოზული რეფორმები ეტარებინა უმაღლესი განათლების სისტემაში. მას გარკვეული მცდელობები, გარკვეული მიმართულებები ჰქონდა, მაგრამ გრძელვადიანი და სერიოზული რეფორმები უმაღლეს სასწავლებლებში არ გატარებულა. მიუხედავად მისი საკმაოდ მაღალი კომპეტენციისა და ცოდნისა, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მისი პოლიტიკური წონა ან პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობა მას არ აძლევდა ამ სერიოზული რეფორმების გატარების საშუალებას. ამიტომ, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რამდენად შეძლებს ის რეფორმების გატარებას ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში, თუ ეს პოლიტიკური თვალსაზრისით წამგებიანი იქნება მმართველი გუნდისთვის. რამდენად ეყოფა მას პოლიტიკური მხარდაჭერა და პოლიტიკური წონა. ამას სკეპტიციზმით ვუყურებ მისი განვლილი მინისტრის მოადგილეობიდან გამომდინარე. თუმცა მინდა ვიყო ოპტიმისტი და მინდა დავიჯერო, რომ თსუ-ში დადებით კვალს დატოვებს, მაგრამ რამდენად ეყოფა გამბედაობა, ეს არ ვიცი.

თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი, სადამდე შეუძლია სახელმწიფოს ჩაერიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებში, ექნება თუ არა თსუ-ს ავტონომიურობის შენარჩუნების შესაძლებლობა?

ზოგადად, რაც შეეხება სახელმწიფოს და განკერძოებას, მე ყოველთვის უფრო მომხრე ვარ კონკურენციის. სწორედ ამ რეჟიმშია შესაძლებელი უმაღლესი განათლების დარგში ხარისხი. სახელმწიფო რომ ვერ უშვებს ბერკეტებს, ეს ხელს უშლის განვითარებას. იმავე აგრარული უნივერსიტეტის მაგალითი, რომელიც ყველაზე არასასურველი და წარუმატებელი უნივერსიტეტიდან იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტად, ცხადყოფს, თუ რა შეუძლია სახელმწიფოს მიერ ბერკეტების გაშვებას; ამის მცდელობები იყო, თუმცა, სამწუხაროდ, შეჩერდა ან არასწორი მიმართულებებით წავიდა. პრივატიზაციას არ ვგულისხმობ მაინცდამაინც. აქ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ არა იმაზე, რომ ვიღაცას ქონება გადაეცემა რაღაცის ხარჯზე, არამედ იმაზე, რომ უნივერსიტეტმა, როგორც კერძო სამართლის პირმა, აწარმოოს თავისი საქმე და არ იყოს ვინმეს პროექტი. აქ საუბარია, რომ განკერძოება მოხდეს, რაც არ გულისხმობს საუნივერსიტეტო ქონების ვიღაცისთვის გადაცემას. თსუ შეიძლება დარჩეს სახელმწიფო ქონებაში, თუმცა იყოს მოდელი, რომელშიც მართვა მოხდება კერძო სტრუქტურების მხრიდან.

ისეთ რეჟიმში კი, როგორშიც დღეს თსუ-ია, იმ აკადემიური პერსონალით და იმ აკადემიური საბჭოთი, წარმოუდგენელია რაიმე ტიპის ავტონომიურობაზე ფიქრი. ამის სურვილი დღეს თსუ-ს არ გააჩნია. არსებული კანონმდებლობის პირობებშიც კი, შესაძლებელია მეტი ავტონომიურობა და მეტი განვითარება, თუმცა, ეს დაკავშირებული იქნება ბევრ ვნებათაღელვასთან, რასაც დიდი მხარდაჭერა დასჭირდება პოლიტიკური თვალსაზრისით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. გიორგი შარვაშიძესთან ერთად კენჭს ცირა ბარამიძე და გიორგი ბარამიძე იყრიან.

კომენტარები