საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია

მეუფე იაკობი: ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლით

wikipedia.org

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისოპოსმა იაკობმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურღიის დასრულების შემდეგ იქადაგა. მეუფე იაკობმა "საზოგადოებრივ ორგანიზაციებს" მიმართა და მოუწოდა, " ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან."

 ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, იარაღი ქვეყნის დაპყრობის ერთადერთი მეთოდი არ არის და ამის გაკეთება ფსევდო-კულტურითა და ფსევდო-წესების შემოტანითაც შეიძლება.

"დღეს ეს შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის იყოს ის გრანტები, რასაც უხვად იღებენ უცხოეთიდან, შემდეგ ისინი ყოველგვარ სიწმინდეზე უარს ამბობენ. ეკლესია და სჯული აღარაფერია და ფსევდო კანონებით გვმოძღვრავენ. მინდა ვთხოვო მათ, შეეშვან ყოველგვარი ხრიკებით უცხოეთიდან ფულის მიღებას. არც ერთი ქვეყანა არ დაიშურებს ფულს, რომ ჩვენს შიგნითვე გამოკვებოს ჩვენივე მოწინააღმდეგეები, ამიტომ დავფიქრდეთ. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაკავშირებს და ნუ გავცვლით ქვეყანას გრანტებზე და ფულზე", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, სასულიერო პირების ვალია ერი დაიცვან მაშინ, როდესაც ერში არ გამოჩნდება ისეთი ავტორიტეტი, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. 

"ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ- მთავრობაც, მხედრობაც და სასულიერო პირებიც. რა არის ჩვენი სიცოცხლე თუ ფულის, ან თანამდებობის გამო უკან დავიხევთ. მჯერა, გავაანალიზებთ შეცდომებს და გარე ძალებს არ მივცემთ საშუალებას ზედმეტად ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. რაშიც დახმარება გვჭირდება კეთილი ინებონ და იმაში დაგვეხმარონ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი წაგვგლიჯეს მტრებმა და ეს ჩვენი შეცდომების და ცოდვების გამო ხდება. ქართველები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. არ შეიძლება ერთმანეთს მტრებად ვუყუროთ", - იქადაგა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. 

კომენტარები