საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში

ზურაბიშვილი: ეს არის დარტყმა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

დავით ზურაბიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ არ აპირებს მიიღოს ახალი განათლების მინისტრის შეთავაზება, მინისტრის მოადგილის თანამდებობის ნაცვლად, მინისტრის მრჩევლის პოზიციის დაკავების შესახებ.

 "ეს ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია და არავითარ მრჩევლობას არ ვაპირებ", - აცხადებს  ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ პრეტენზიები, წინა განათლების მინისტრს და ამჟამად ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონდა.

"ბატონი მარგველაშვილიც თვლიდა და, როგორც ჩანს, ქალბატონი სანიკიძეც თვლის, რომ ეს მე ვერ ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას და ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ამ სფეროში ჩემს კვალიფიკაციაზე საუბარი", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი მომხდარს მის ინტერვიუს უკავშირებს, სადაც განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება-გათავისუფლება-დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა: "მერწმუნეთ, მალე ნაციონალური მოძრაობის გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა. 9 წელიწადი სააკაშვილმა ფილმების ყურებას მიმაჩვია, ამიტომ არ მინდა, მმართველმა გუნდმა კრიმინალური სერიალების ჩვენება გააგრძელოს".

ზურაბიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები არ მიუღია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან. ამის მიუხედავად, ის ადასტურებს, რომ პრემიერის გარეშე მისი გათავისუფლების საკითხი ვერ იქნებოდა მიღებული.

 "ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემს, არამედ რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ", - აცხადებს ზურაბიშვილი და იქვე დასძენს, რომ დღევანდელი ფაქტის შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობას გამორიცხავს და აპირებს, ძირითადად, პარტიული საქმიანობით დაკავდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზურაბიშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავს, თუმცა მისთვის მრჩევლის პოზიციის შეთავაზებას აპირებს.

 

კომენტარები