ევროპა ლიგა

გორის დილამ დანიური ოლბორგი ევროპა ლიგის გათამაშებიდან გამოთიშა

გორის დილას ფეხბურთელები ოლბორგის კარში გატანილ გოლს ზეიმობენ
fcdila.ge

გორის დილამ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სახლში მოპოვებული უპირატესობა (3:0) არც საპასუხო შეხვედრაში გაანიავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიური ოლბორგი ევროპული საზომებით საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ყოფილიყო, გიორგი დევდარიანის გუნდმა მეტოქე თბილისში დიდი სხვაობით დაამარცხა, ხოლო დანიაში ფრედ - 0:0 ითამაშა.

ოლბორგში დევდარიანმა ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა დააყენა, მოედანზე არ იყო პირველ მატჩში ერთ-ერთი გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძე, მის ნაცვლად კი რატი ალექსიძემ ითამაშა. სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში გიორგი ბოლქვაძეც, რომელმაც თბილისში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც სავარაუდო იყო, დანიელები მთლიანობაში უპირატესობას ფლობდნენ და სულაც არ იყო გასაკვირი, რომ სოლიდური ჰანდიკაპის მოპოვების შემდეგ, გორელები მკვეთრად შემტევი სტილით არ თამაშობდნენ. ამის მიუხედავად, დილას რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა და საერთოდ, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დევდარიანის გუნდში რამდენიმე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მათ შორის გორელიშვილი და ილურიძე. მოკლედ, დილამ ითამაშა ის ფეხბურთი, რაც უნდა ეთამაშა სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის დილას მეტოქე ხორვატიული სპლიტის ჰაიდუკი იქნება. ჰაიდუკმა ტერნოვოსთან ფრედ - 1:1 ითამაშა და რადგან პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება, ხორვატებს დარჩათ.

პირველი მატჩი ჰაიდუკსა და დილას შორის, სპლიტში 1 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 8 აგვისტოს გაიმართება.

სამწუხაროდ, ევროპა ლიგაზე წარუმატებლად დასრულდა მეორე ქართული გუნდის, საჩხერის ჩიხურას ასპარეზობა. შვეიცარიაში თუნთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, (2:0) საჩხერელებმა შედარებით ძლიერ და დაბალანსებულ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს. მიუხედავად იმისა, რომ თუნი არ აღმოჩნდა განსაკუთრებული სიძლიერის გუნდი, ევროტურნირების დებიუტანტი საჩხერული კლუბისთვის, მაინც გადაულახავ ბარიერად იქცა. 

შეგახსენებთ, რომ ჩიხურამ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიხტენშტაინის ვადუცი გამოთიშა ასპარეზობას.

კომენტარები