ევროპა ლიგა

დევდარიანი: ვაცნობიერებთ 8 აგვისტოს სიმძიმეს და ვეცდებით ხალხი გავახაროთ

გორის დილას ფეხბურთელები ოლბორგის კარში გატანილ გოლს ზეიმობენ
fcdila.ge

დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

გორის დილამ პირველ მატჩში, ხორვატიაში, სპლიტის ჰაიდუკი ანგარიშით 0-1 დაამარცხა და თბილისში გასამართ შეხვედრას ფავორიტის რანგში ხვდება.


"ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ იმ დღის სიმძიმეს, რაც 8 აგვისტოს ახლავს. ამ თამაშის მოგებით, დიდს ვერაფერს შევცვლით გეოპოლიტიკაში, მაგრამ მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით გორელებისთვის, ეს დღე არის მძიმე. ჩვენი წარმატებით ვეცდებით, ხალხს სიხარული ვაჩუქოთ, რისი ვალდებულებიც ვართ", - განაცხადა გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა.

გორის დილას ხორვატიაში, ერთ-ერთი ლიდერი - ირაკლი მოდებაძე აკლდა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, თუმცა როგორც გაირკვა, დღეს თამაშს შეძლებს.

"კარგად გვესმის, რომ გადაწყვეტილი არაფერია და ისეთივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც ხორვატიაში ვითამაშეთ", - განაცხადა ირაკლი მოდებაძემ.

საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა სპლიტის ჰაიდუკის მთავარი მწვრთნელი და წარსულში, ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი, იგორ ტუდორი.

"კლუბში, ძალიან ოპტიმისტური განწყობაა. ცუდია, რომ პირველი მატჩი წავაგეთ, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ჩვენ უნდა შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას. ვთვლი, რომ მარცხის მიუხედავად გორის დილაზე უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ", - განაცხადა ჰაიდუკის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ტუდორმა.

ხორვატმა, ჟურნალისტების მიერ დასმულ, მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა, შემდეგ კი ინგლისურად კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

მატჩი გორის დილას და სპლიტის ჰაიდუკს შორის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 სთ-ზე დაიწყება.

 

კომენტარები