ევროპა ლიგა

გორის დილამ ჰაიდუკი დაამარცხა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა

გორის დილას ფეხბურთელები ოლბორგის კარში გატანილ გოლს ზეიმობენ
fcdila.ge

8 აგვისტოს, გორის დილამ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, სპლიტის ჰაიდუკს 1:0 სძლია და პლეი-ოფში გავიდა. პირველ მატჩში, გორელებმა სპლიტში იმავე ანგარიშით დაამარცხეს იგორ ტუდორის გუნდი და ხვალ, წილისყრის შედეგებს დაელოდებიან, სადაც გაირკვევა, თუ ვინ იქნება დილას მეტოქე პლეი-ოფში.

გიორგი დევდარიანმა, გუნდი 2 თვის წინ ჩაიბარა და ფაქტობრივად ახლადშეკრებილი ფეხბურთელებით, ჯერ დანიური ოლბორგი, შემდეგ კი სპლიტის ჰაიდუკი გამოთიშა ტურნირს. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი შეხვედრის განმავლობაში, დილას საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია და ნუკრი რევიშვილი, ჯერჯერობით კარს მშრალად ინახავს.

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, პრესკონფერენციაზე დევდარიანის მიერ გაცხადებული სტრატეგია გამართლდა და დილამ მეორე ნომრად დაიწყო თამაში. ჰაიდუკს გოლის გატანა სჭირდებოდა და გორელები კონტრშეტევებზე თამაშს ამჯობინებდნენ. თუმცა, საბოლოოდ გამოჩნდა, რომ დილას ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ხოლო ჰაიდუკმა რევიშვილის კართან, რეალური სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლო. პირველ ნახევარში, მეტად გორელები აქტიურობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ, დილას ფეხბურთელები გააქტიურდნენ და მეტოქის კართან, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. ყველაზე მეტად, გიორგი ილურიძე აქტიურობდა, რომელიც ტექნიკური ფინტებით უვლიდა გვერდს ხორვატ მცველებს, თუმცა ანგარიშის გახსნამდე საქმე არ მიდიოდა. დევდარიანმა მოედანზე, ჯერ მიხეილ გორელიშვილი შეიყვანა, შემდეგ კი გრიგოლ დოლიძე. ორივე ფეხბურთელმა, გორელთა შეტევებს სიმწვავე შემატა და საბოლოოდ, 83-ე წუთზე, დოლიძემ გოლიც გაიტანა. ახლადშემოსულმა დოლიძემ, ილურიძის გადაცემით ისარგებლა, ბურთი კარგად დაამუშავა და მარჯვენა ფეხით, შესანიშნავი გოლი გაიტანა. ხაზგასასმელია, რომ გიორგი დევდარიანის მიერ გაკეთებულმა ცვლილებამ, ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეორედ გაამართლა. დარჩენილ დროში, უმეტესწილად ისევ გორელები აკონტროლებდნენ ბურთს და ანგარიში არ შეცვლილა. გორის დილა, ევროპა ლიგის პლეი-ოფშია.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში, გორის დილას გარდა დინამო თბილისიც მონაწილეობს. 9 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე გაირკვევა, თუ ვის შეხვდებიან ქართული კლუბები.

კომენტარები