მთავარი პროკურატურა

პროკურატურა დავით ჭაკუას ექსტრადიციის შესახებ დოკუმენტაციას ამზადებს

facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს.

ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დოკუმენტაცია ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს შესაბამის ვადებში მიეწოდება.                                     

"საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 12 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჯანიკოს ძე ჭაკუას მიმართ გამოცხადდა ინტერპოლის არხებით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა მისი შემდგომი დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, 2013 წლის 28 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ქალაქ ვენაში დააკავეს დავით ჭაკუა საქართველოში მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. მოგვიანებით, ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჭაკუას შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა 5 ათასი ევროს ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა საექსტრადიციო პროცედურების წარმოებას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით ჭაკუას დაეკისრა საექსტრადიციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაშე გამოცხადების ვალდებულება და აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ შესაბამისი მასალების მიწოდების შემთხვევაში, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე. ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტაბულა კომენტარისთვის პროკურატურას დაუკავშირდა. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩილინგარაშვილის თქმით, დავით ჭაკუას ავსტრიაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას დანამდვილებით ფლობენ.

"როდესაც ჩვენს ძებნილებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აკავებენ, ასეთი საკითხები სერიოზულად მოწმდება. ავსტრიელ კოლეგებთან პირადი კონტაქტებიც გვაქვს, რამდენიმე დღის წინაც დავუკავშირდით და მათ დაგვიდასტურეს, რომ დავით ჭაკუა ავსტრიაში იმყოფება და ტერიტორია არ დაუტოვებია. ჩვენმა ავსტრიელმა კოლეგებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მასალების მიწოდების შემთხვევაში განიხილავენ ექსტრადიციის საკითხს", - განაცხადა ლევან ჩილინგარაშვილმა. 

კომენტარები