საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ISFED: ფონდ ქართუს საქმიანობა შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ამომრჩევლის მოსყიდვად

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს, რომ ფონდ ქართუს საქმიანობა ”შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა”.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ანგარიშშია ნათქვამი, საქმე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ეხება, რომელსაც ფონდი ქართუ ახორციელებს.

”პროექტი მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას. საზოგადოების მხრიდან  საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული  იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვებს და მიზნებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშში,

ორგანიზაციის დირექტორი, ნინო ლომჯარია ფონდ ქართუს მოუწოდებს შეაჩეროს თანხის გადარიცხვა სოფლის მეურნეობის ფონდში.

"ამ ფულით ხდება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება. ამ პროექტებით სარგებლობენ რიგითი მოქალაქეები, ამიტომ ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. ფონდ ქართუში ფიგურირებენ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ ფონდ ქართუს მოვუწოდებ, რომ სოფლის მეურნეობის ფონდში თანხის გადარიცხვა შეაჩეროს" , - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), 2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

კომენტარები