სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი ევროპარლამენტარს პასუხობს: ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილის მონახულებას ოჯახის წევრებს კანონი უკრძალავს. დღეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ევროპარლამენტარებმა მოინახულეს. ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა. ლისეკმა მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას პოლიტიკური უწოდა და მისი მდგომარეობის შესახებ პრეტენზიები გამოთქვა.

ევროპარლამენტარების პასუხად, სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო, პატიმრის მონახულებას კანონი არეგულირებს და ძიების ეტაპზე ამ პიროვნების მონახულება ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ". მისივე თქმით, აუცილებელია ყველა პატიმარი ერთნაირ პირობებში იყოს და ვანო მერაბიშვილისთვის ის გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს. სუბარის ინფორმაციით, ის, რომ მერაბიშვილი გამხდარია, შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ საპყრობილეში ექსმინისტრი ვარჯიშობს. სუბარის თქმით, მერაბიშვილი კვებას არ უჩივის.

"მაშინ როცა ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა და პრემიერმინისტრი, პატიმრებისთვის ექიმის მოსანახულებლად მხოლოდ 168 დოლარი იყო გამოყოფილი, დღეს კი ერთ პატიმარზე 680 დოლარი იხარჯება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები