მერაბიშვილი საქმე

ენმ: ევროპელები მერაბიშვილის პატიმრობას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ

primetimenews.ge

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების ინტერესი ადასტურებს, რომ ამ საქმეს ისინი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ნაციონალური მოძრაობა ვანო მერაბიშვილთან ევროპარლამენტარების ვიზიტს ეხმაურება.

"დღეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციამ თავმჯდომარის არნო დანჟანის მეთაურობით. პარასკევს მას ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობის საკითხის მიმართ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი ამ საქმის მათ მიერ სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ადასტურებს. დელეგაციის თავმჯდომარის არნო დანჟანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის ევროპარლამენტის დელეგაციასა და ევროკომისარ ფულეს. ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარების შესახებ აღებული ვალდებულება რეალურ შედეგს გამოიღებს.

"ამისათვის აუცილებელია შეწყდეს ამ და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ხოლო ეჭვმიტანილების - წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება, რისი აუცილებლობაც, ევროპელი პარლამენტარების აზრით, არ არსებობს", - ამბობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ევროპარლამენტარებმა დღეს, 17 ივლისს, მოინახულეს.

 

კომენტარები