თბილისის საქალაქო სასამართლოში სპიკერ-მოსამართლე ნინო სანდოძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას განაჩენთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
"ბრალდებული თენგიზ გუნავა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წარდგენილ ორივე ეპიზოდში და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თენგიზ გუნავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი მითვისების ორივე ეპიზოდში, კერძოდ, 3 000 ლიტრი ბენზინისა და 49 500 ლარის მითვისებაში და საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმისა და 2012 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", -განაცხადა სანდოძემ.
თენგიზ გუნავას ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს განაჩენი პოლიტიკურია და მის გასაჩივრებას აპირებენ.
"ვაპირებთ გასაჩივრებას და ამის მიზანია ის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სტრასბურგის სასამართლომდე, სადაც ბოლომდე დადასტურდება, რომ თენგიზ გუნავას საქმეს თავიდანვე ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი და არაფერი ჰქონდა საერთო სისხლის სამართლის დანაშაულთან", - განაცხადა გუნავას ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგა ონიანმა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურაც გეგმავს. საქმე ეხება ბრალდების იმ ეპიზოდს, რომელშიც თენგიზ გუნავას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობის პერიოდში საკუთარი მძღოლის დაჭრა ბრალდება.
"მიგვაჩნია, რომ ამ ეპიზოდში თენგიზ გუნავა არის დამნაშავე. სწორედ მან ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ გაგვაჩნია უტყუარი მტკიცებულებები და დაველოდებით განაჩენს. როდესაც ვნახავთ, თუ რამდენად კანონიერად არის დასაბუთებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩამოვყალიბდებით, გავასაჩივრებთ თუ არა მას სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა.