გუნავას საქმე

გუნავა: ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა

თენგიზ გუნავა
news.ge

პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, თენგიზ გუნავა, საზოგადოებას მიმართავს. მიმართვა გუნავას ადვოკატმა, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა.

"მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა ჩემი უდანაშაულობის და რაიმე ფორმით გამოხატა თანადგომა ჩემს მიმართ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩემთვის ქვეყანა ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია, რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ: ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინე შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე. მინდა განვაცხადო, რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ბრძოლა არის ბოლომდე არც ერთი ნაბიჯი უკან!" - აღნიშნულია თენგიზ გუნავას განცხადებაში.  

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.

ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდება.

კომენტარები