გუნავას საქმე

ივანიშვილი: არ მგონია, რომ გუნავას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, თენგიზ გუნავასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”არ შეიძლება ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებული დაერქვას”.

"არა მგონია, რომ გუნავას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ყველა დაკავებას, როგორც წესი, პოლიტიკურად მოტივირებულს ეძახიან ოპოზიციის მხრიდან, ასე არ შეიძლება. სამართალდამცავ უწყებებს პატივი უნდა სცენ, მათ რიცხვში უმცირესობის წევრებმა. უნდა გაიაზრონ, რომ მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება. არ შეიძლება ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებული დავარქვათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.

ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდება.

თენგიზ გუნავას ადვოკატის მალხაზ ველიჯინაშვილის თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები