NDI

NDI: ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას 10% ამართლებს, კონტრაქციას - 52%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევამ უმცირესობის უფლებები და 17 მაისის შეფასებებიც მოიცვა.

კვლევის მიხედვით, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას უმრავლესობა არ ამართლებს, მაშინ, როდესაც კონტრაქციის ორგანიზება გამართლებულად მიაჩნია გამოკითხულთა ნახევარზე მეტს. თუმცა, 50%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისი ქმედებებიც ხელისუფლებამ უკანონოდ მიიჩნია - მათ შორის, სასულიერო პირებმა.

აღსანიშნავია, რომ შეფასებების თვალსაზრისით თბილისისა და რეგიონების მონაცემები რადიკალურად არ განსხვავდება.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულთა 83%-მა იცის, რომ 17 მაისს ორგანიზებული იყო აქცია, რომლის მონაწილეებიც სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზებას ამართლებს გამოკითხულთა მხოლოდ 10%, მას გაუმართლებლად მიიჩნევს 79%.

80% ფლობს ინფორმაციას 17 მაისის კონტრაქციის შესახებაც. ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციისგან განსხვავებით, კონტრაქციას ქვეყნის მასშტაბით ამართლებს 52%, არ ამართლებს - 33%.

კონტრაქციის მონაწილეების მიერ პოლიციის კორდონის გარღვევას გამოკითხულთა 30% ამართლებს, ხოლო 46% - არ ამართლებს.

70%-მა იცის იმის შესახებ, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა დააზიანეს კერძო საკუთრება, ზიანი მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს.
სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ამ ქმედებებს გაუმართლებლად მიიჩნევს გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%), ამართლებს გამოკითხულთა 25%.

კონტრაქციის მონაწილეების, მათ შორის, სასულიერო პირების ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ამართლებს 46%, არ ამართლებს 29%.

კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა კანონის წინაშე პასუხი ყველამ, რომელთა ქმედებები აქციის მონაწილეთა მიმართ ხელისუფლებამ უკანონოდ მიიჩნია - მათ შორის, სასულიერო პირებმა, ნახევარზე მეტი (51%) პახუსობს, რომ უნდა აგოს. 24% ამბობს, რომ არა.

კვლევის მიხედვით, ის, რომ შეკრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, არ იცის გამოკითხულთა 43%-მა (54%-მა იცის). შეკრების უფლებას ეთანხმება გამოკითხულთა 57%, არ ეთანხმება - 13% და პასუხი არ აქვს 27%-ს.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად უმცირესობების უფლების დაცვას ძალიან მნიშვნელოვნად ან მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 58%. სიტყვა "უმცირესობაზე" მათ პირველ რიგში ახსენდებათ რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები.

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოკითხულთა 54 და 57%-ს. რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობას, მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 37% კი ფიქრობს, რომ ეს სრულიად უმნიშვნელოა.

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კომენტარები