NDI

NDI: ჩვენ წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები დეზინფორმაციაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სიდას დაფინანსებით საქართველოში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ბრალდებებს პასუხობს. NDI-ის განმარტებით, საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთში გამოქვეყნებულ სტატიებს ეფუძნება, რომელიც ორი ავტორის პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს. მათივე განცხადებით, შვედურ გამოცემაში გავრცელებული დეზინფორმაცია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე რუსულ და ქართულ მედიაში გავრცელდა. NDI განმარტავს, რომ "მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კონტექსტიდან ამოვარდნილ ფაქტებს მოიცავს, რომელიც საქართველოში NDI-ის მუშაობისა და Sida-ს მხარდაჭერის რეალურ სურათს არ ასახავს".

"საქართველოში გავრცელებული სტატიები და განცხადებები შვედეთში გამოქვეყნებულ სტატიებს ეფუძნება, რომელიც წარმოადგენს არა ჟურნალისტიკას, არამედ, ერთი შეხედვით, ავტორების - იონე უოლსტრომისა (Johannes Wahlstrom) და ლიზა როსტლანდის (Lisa Rostlund) - პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახავს. სტატიის გამოქვეყნებამდე არცერთი მათგანი კომენტარისთვის NDI-ს არ დაკავშირებია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ სტატიებში მოყვანილი დეზინფორმაცია, ყოველგვარი ჟურნალისტური გადამოწმებისა თუ გამოძიების გარეშე, ქართულ და რუსულ მედიაში განმეორდა. NDI-ის დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის - საქართველოში Sida-ს მიერ დაფინანსებული პროგრამები, ყოველთვის მიმდინარეობს დონორებთან დადებული შეთანხმების და იმ ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც ეს პროგრამები ხორციელდება. ინსტიტუტს გააჩნია მკაცრი ფინანსური რეგულაციები, რაც თანხების მიზნობრივად გამოყენებას უზრუნველყოფს და ორგანიზაცია ასევე ანგარიშვალდებულია დონორების წინაშე. ამას გარდა, NDI რეგულარულად ატარებს საკუთარი საქმიანობის აუდიტს. NDI-ის კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს სტატიები რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI-Georgia) - და მათი ხელმძღვანელების მიმართ ფართომასშტაბიანი ბრალდებებისა და მუქარების გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე შვედეთში მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ ორგანიზაციების კეთილსინდიერების ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნური და დამაბნეველია. ერთი შეხედვით, ეს არის ბოლოდროინდელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ცრუ ინფორმაციის გამოყენებით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, მონიტორიგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად", - აცხადებს NDI და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს თავისი პარტნიორების საქმიანობას და აფასებს მათ მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერების საქმეში.

"ამჟამად საქართველო დემოკრატიული ტრანზიციის რთულ პერიოდს გადის. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვა პირდაპირ აისახება მოქალაქეების სოციო- ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. თუკი ეს პერიოდი წარუმატებლად დასრულდება, ამას ექნება ფართომასშტაბიანი გავლენა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება დამაბნეველ, უსაბუთო ბრალდებებს, რომელიც მედიაში გავრცელდა:

• NDI-ის მიუკერძოებელი მისია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერაა. ორგანიზაცია არ წარმოადგენს არცერთი ხელისუფლების, პარტიის, ბიზნესისა თუ მრეწველობის ინტერესებს. NDI იღებს დაფინანსებას მრავალი სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციისგან, რომლებიც მხარს უჭერენ ინსტიტუტის მისიას.

• ავტორები მიანიშნებენ, რომ NDI-მ მხარი დაუჭირა კონკრეტულ, „სახელდახელოდ“ შერჩეულ კანდიდატებს და პარტიებს მათთვის ფინანსური დახმარების, ასევე „თოქ შოუების“ და ტრენინგ-პროგრამების ორგანიზების გზით. NDI-ს არასდროს აღმოუჩენია ფინანსური დახმარება რომელიმე კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიისთვის. NDI თავისი მიდგომით მრავალპარტიულია და მის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად და მონაწილეთა ნომინირებისათვის პოლიტიკურ სპექტზე წარმოდგენილ პარტიებს იწვევს. საქართველოში, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში, NDI-ის პროგრამები ხელს უწყობს უფრო დინამიკური და მდგრადი მრავალპარტიული სისტემების შექმნას. NDI არ გამოხატავს რომელიმე ერთი პარტიის, იდეოლოგიის ან პოლიტიკის ინტერესებს.

• ავტორები NDI-ის სახელმწიფო ტელევიზიების დაფინანსების გამო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში სდებენ ბრალს. NDI ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და არასდროს დაუფინანსებია ან გადაუხდია თანხა რომელიმე სახელმწიფო მედიასაშუალებისთვის.

• სტატიები ასევე იმეორებს ძველ, უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებულია. NDI ყოველთვის იყო სრულიად გამჭვირვალე საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და დარწმუნებულია კვლევის შედეგების სანდოობასა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მრავალი პარტიის წარმომადგენელს, მათ შორის სახელისუფლებო პარტიიდან, გაუკეთებია საჯარო განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება NDI-ის კვლევები ამომრჩეველთა დამოკიდებულებების უკეთ გაგებაში და ისინი მუდმივად სთხოვენ NDI-ის დამატებითი კვლევების ჩატარებას. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების არცერთ კრიტიკოსს არ წარმოუდგენია სანდო მტკიცებულებები კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რაც კვლევის ჩამტარებელთა მიკერძოებულობას ან პოლიტიკური ინტერესების ნებისმიერ ჩარევას გამოავლენდა", - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები - სამართლიანი არჩევნები, NDI, საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გოგა ხაინდრავამ შვედეთის მაღალჩინოსნებთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, რის შესახებაც მან გადაცემა იმედის კვირაში ისაუბრა. ხაინდრავას განმარტებით, შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც საქართველოში სიღარიბის დაძლევაში უნდა დახარჯულიყო, ჩამოთვლილი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ პოლიტიკური ხასიათის კვლევებს მოხმარდა. ხაინდრავა დაეყრდნო შვედური ტაბლოიდის, აფტონბლადეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი 95 მილიონი შვედური კრონა საქართველოში მომუშავე ამერიკულ ორგანიზაციებს გადაეცა, რაც მათ მიერ არამიზნობრივად იხარჯებოდა. აფტონბლადეტი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და გამოქვეყნებული მასალის ხარისხის გამო.

კომენტარები