NDI-ის კვლევა

45 პროცენტს სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის რესპონდენტთა 45 პროცენტის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მათ შორის 5 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო ვითარდება "ნამდვილად სწორი", ხოლო 40 პროცენტი - "ძირითადად სწორი მიმართულებით".

30 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. 9 პროცენტის აზრით, ქვეყანა ძირითადად არასწორი, ხოლო 4 პროცენტის აზრით - არასწორი მიმართულებით ვითარდება. პასუხზე უარი 12 პროცენტმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ, 2013 წლის მარტთან შედარებით, შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და გაიზარდა რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც საპირისპირო აზრისაა. კერძოდ, მარტში 9 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულებთ ვითარდება, 49 პროცენტი კი - ძირითადად სწორი მიმართულებით. 18 პროცენტი თვლიდა, რომ არაფერი იცვლება. 6 და 2 პროცენტი კი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი და ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

კვლევა მიმდინარე წლის ივნისში  ჩატარდა. 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები