ბედუკაძის საქმე

წულუკიანი ბედუკაძის საქმის გადასინჯვაზე: დიდი გასაქანი პროკურატურას არ აქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს მთავარმა პროკურორმა იმუნიტეტის მაღალი ხარისხი მისცა.

"მე რომ ვყოფილიყავი იმ წამში გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც მან მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობითი სასჯელით", - განაცხადა თეა წულუკიანმა Holiday Inn-ში ჟურნალისტებთან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ბედუკაძის საქმის გადასინჯვასთან დაკავშირებით "დიდ გასაქანას" არ იძლევა.

"მრავალჯერ აღინიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დიდ გასაქანს არ იძლევა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ბედუკაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო, რაღაც ფორმით გადაისინჯოს. დიდი გასაქანი მთავარ პროკურატურას დღეს არ აქვს, რომ ეს საქმე გადაისინჯოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყანაში არ უნდა გაჩნდეს "დაუსჯელობის სინდრომი".

"ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს კი არ უნდა გავუგზავნოთ სწორი მესიჯები, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბედუკაძეს, არამედ სწორი მესიჯები უნდა გავუგზავნოთ მათ, ვინც რაღაც დააშავა და ვისაც შეიძლება მომავალში გაუჩნდეს სურვილი, რომ შეუძლია რაღაც დააშავოს. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გააჩინოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებმა. ამიტომ, პროკურატურა ცდილობს, სწორი მესიჯები გაუგზავნოს მათ, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს. აგრეთვე უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ სწორი მესიჯები გაუგზავნოს სასჯელაღსრულებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, რათა მათ გაიგონ, რომ საქართველოში ჩვენი ხელისუფლება არ შეიწყნარებს ისეთ უპატიებელ დანაშაულს, როგორიც არის პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამება", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ივანიშვილმა მთავარ პროკურორს გუშინ, 8 ივლისს სთხოვა ბედუკაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების გადასინჯვა. კბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "სურვილიც რომ მქონდეს რაიმეს შეცვლის, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია".

კომენტარები