ბედუკაძის საქმე

საპარლამენტო უმრავლესობა კბილაშვილზე პრეზიდენტის მოთხოვნას არ იზიარებს

parliament.ge

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაყენების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ ემხრობა არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ:

"პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის, არჩილ კბილაშვილის გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, თუ მას იუსტიციის მინისტრი მიმართავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ამას ვერ ეღირსება და ეს ასე არ მოხდება", - აცხადებს აბაშიძე.

"პრეზიდენტს მე ვეტყოდი: იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ზურაბ ადეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ვანო მერაბიშვილის ქმედებებზე? იღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ მის გუნდში იყვნენ მინისტრები, პროკურორები, რომლებიც პირდაპირ მფარველობდნენ ამ ქვეყანაში ძალადობრივ სისტემას? ძალიან უადგილოა ასეთი განცხადებები, მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ კბილაშვილი თავის მოვალეობებს თავს ართმევს და გაართმევს. თუ იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი, ამისთვის პრეზიდენტის მითითება ნამდვილად არ არის საჭირო", - ამბობს ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს პარლამენტის თავმჯდომარეს. დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს ურჩევს, თანაპარტიელებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აცადოს:

"კბილაშვილის გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან დიდი ხანია, კომენტარებს არ ექვემდებარება. მაგრამ ერთი რჩევა მექნება, როგორც წარსულში კოლეგისადმი, მეგობრისადმი, დღეს, ქვეყნის პრეზიდენტისადმი, რომ იქნებ აცადოს თავისვე პარტიას, პარტიის წევრებს, რომ ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია", - აცხადებს უსუფაშვილი.

პრეზიდენტმა მთავრობისგან მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დოკუმენტის წარდგენა დღეს ითხოვა:

"კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, იმის გამო, რომ მთავარმა პროკურორმა დაარღვია სამართლის უზენაესობის მთავარი პრინციპები, დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მთავარი პროკურორი გასათავისუფლებლად და მე ამ შუამდგომლობას დავაკმაყოფილებ დღესვე. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს შეშფოთება იყო სრული თვალთქმაცობა და ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ თამაშთან რომლის ერთადერთი მიზანია საზოგადოების გასულელება და შეცდომაში შეყვანა. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ წამოეგება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები