ციხის სკანდალი

პრემიერი: წამების ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

"არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის", - ამ პოზიციას საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორისადმი მიწერილ მიმართვაში აყალიბებს.

პრემიერი კბილაშვილს ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გასულ თვეს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ 8 პირთან საპროცესო შეთანხება გააფორმა; ვლადიმერ ბედუკაძე კი "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

3 ივლისს, პრესკონფერენციაზე ტაბულამ კითხვით მიმართა პრემიერს, ციხეში ადამიანების წამებაში მონაწილე ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება და სხვა პირებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმება, ხომ არ წაახალისებდა მომავალში წამებას - რაზეც ივანიშვილმა კითხვითვე უპასუხა: "ვისაც ჩადენილი ჰქონდა წამება, ასეთებთან დადეს საპროცესო შეთანხმება?"

ტაბულა პრემიერმინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის.

ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.

მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის".

 

კომენტარები