36 წლის მამაკაცის ცხედარი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ის აწამეს და აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, რის შემდეგაც მამაკაცმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. იგივე ვერსია დაადასტურა რუსთავი 2-თან საუბარში, გარდაცვლილის მეუღლემ:
"ნაცემი ნამდვილად იყო,თან სერიოზულად ნაცემი. დალურჯებული იყო და სისხლჩაქცევები მთელი წელის არეში ჰქონდა. გუშინ ღამით მითხრა, რომ პოლიციაში სცემეს და ციხეში 9 წლიანი ვადით ჩასმით დაემუქრენ იმ შემთხვევაში, თუ არ დაწერდა, რომ მეგობარს მისთვის მარიხუანა მოჰქონდა. ფიზიკური ზეწოლის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. მან შარდი ექსპერტიზაზე ჩააბარა და აბსოლუტურად სუფთა აღმოჩნდა. მოვიდა სახლში, მომიყვა ყველაფერი და მითხრა - მარტო მოგიწევს ცხოვრება და შვილების გაზრდა, რადგან ასეთი ფაქტის შემდეგ ცხოვრებას ვეღარ შევძლებო," - განაცხადა ზიზი ეძგვერაძემ.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით. გიორგობიანის თქმით, თვითმკლელობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.





