თვითმკვლელობა

არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

police.ge

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ოზურგეთში დაკავებული 22 წლის მ.თ.-ს წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარეობს.

დილით შინაგან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება მხოლოდ სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მსხვერპლს შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადააღებინა და მასთან გააგზავნინა, შემდეგ კი მათი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. სწორედ ამას მოყვა თვითმკვლელობა.

“ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო”.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები