სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ადვოკატი პროკურატურას მასალების დამალვაში ადანაშაულებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალდებული მაღალჩინოსნების ადვოკატი პროკურატურას მასალების დამალვაში ადანაშაულებს. ადვოკატის ცნობით, პროკურატურა მათ საქმის მასალებს არ აწვდის. 

"თეო ურუშაძემ გამოძიებას მიმდინარე წლის 2 ივლისს მიმართა, რათა  გადმოეცა ყველა მტკიცებულება, რაც სისხლის სამართლის საქმეში იყო. თეო ურუშაძეს ამის უფლებას აძლევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. უკვე მეოთხე დღეა, მასალებს უშედეგოდ ვითხოვთ. სამი დღის წინ, სახელმწიფო ბრალმდებელს - პროკურორ დავითაშვილს ვესაუბრეთ და მითხრა, რომ მასალები დისკზეა ჩაწერილი, მზად არის და შეგვეძლო წაგვეღო, მაგრამ საშვი არ დაუშვეს, რომ მასალები წამოგვეღო ანტიკორუფციული სამსახურიდან. ორი დღეა, კავშირი მაქვს გამომძიებელ შარდენ კოპალიანთან, რომელიც  ამბობს, რომ ჩაწერილი არ აქვთ მასალები. გვპირდება, რომ გაამზადებს მასალებს," განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატი ეჭვობს, რომ საქმის მასალებში არის ისეთი ინფორმაცია, რომლის გახმაურებაც ბრალდების მხარეს არ უნდა.

კომენტარები