განათლება

ზურაბიშვილი: მე-6 მაგიდასთან არ დაჯდა და ვერ იქნება მასწავლებელი

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

ცრუმორწმუნე მასწავლებელი სკოლისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა გადაცემა აქცენტებში ისაუბრა.

იგი გამოეხმაურა გუშინ, 5 ივლისს ქუთაისში მომხდარ ფაქტს, როდესაც მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა ერთ-ერთმა პედაგოგმა მხეცის ნიშნის გამო დატოვა.

"შენობაში შესვლისთანავე შემხვდა 6 ნომერი და მერე შემომიტანეს ორი 6-იანი, ამის მერე, მაგიდაზე იყო 666. ვთხოვე, ვცხოვრობ ეკლესიურად, ძალიან გთხოვთ, გამომიცვალეთ ნომერი ან სხვა მაგიდასთან დამსვით მეთქი – არც ეგ შეიძლებაო. ავყევი ნერვებს და ვუთხარი – ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ  666, მე 666-ით გამოცდაზე არ გავალ, მთელი ცხოვრება ეკლესიებში ხოხვაში გავატარე და არ გაბედოთ, მორალი არ წამიკითხოთ ახლა მეთქი", - განაცხადა საჯარო სკოლის პედაგოგმა გადაცემა აქცენტებში გასულ რეპორტაჟში.

განათლების მინისტრის მოადგილე კი აცხადებს,  ასეთი ცრუმორწმუნე ადამიანი სკოლისთვის  დანაკარგი არ იქნება:

"კურიოზი იყო ეს თავიდან ბოლომდე, სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. მე-6 მაგიდასთან არ დაჯდა, პროტესტი განაცხადა, ვერ მიიღებს სერთიფიკატს და ვერ იქნება მასწავლებელი. არაუშავს, მე მგონი, დიდი დანაკარგი ნამდვილად არ იქნება სკოლისთვის, შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ნამდვილად არ იქნება დიდი დანაკარგი ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცას ფიქრობს, რომ მოხვდა რაღაც მხეცის ნიშანში, რაღაც 666-ში", -  განაცხადა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები