პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტმა ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ კანონს ვეტო დაადო

Reuters

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ცვლილებებს კანონში ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ, რომელთა თანახმად ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრები პრემიერმინისტრის უნდა დაენიშნა.

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტი ნიშნავს. სემეკის მოქმედ თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს ამ თანამდებობაზე ვადა მომავალ თვეში გასდის.

მიმდინარე წლის იანვარში ჩალაგაშვილს შსს-მ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენა, რაც წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი რესტორანში მისი მითითებით ელექტროენერგიის 20 წუთით გათიშვაში გამოიხატა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა გამოძიების დასრულებამდე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება უარყოფითად შეაფასა. "სააკაშვილმა პირად ამბიციებს და ძალაუფლების თამაშს უკვე მერამდენედ გადააყოლა ქვეყნის ინტერესები. წლების განმავლობაში სემეკს დამოუკიდებლობა აბსოლურუტად დაკარგული hქონდა. კანონში შეტანილი ამ ცვლილებით უწყებას ყველანაირი პირობა შეექმნა იმისთვის, რომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვოს და რეალურ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს", - აღნიშნა კალაძემ. 

კალაძე მიიჩნევს, რომ სემეკის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება, თუ მის წევრებს პრემიერმინისტრი დანიშნავს. 

"პრემიერს შეუძლოა ამ მიმართულებით სწორი კადრი შეარჩიოს. მარეგულირებელი კომისია არის სტრუქტურა, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებში უმნიშვნელოვანესია და ეს უწყება არ უნდა უქმნიდეს სასათბურე პირობებს ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის წინაშე დამსახურების მქონე პირებს", - მიიჩნევს ენერგეტიკის მინისტრი.

კომენტარები