საქართველო-რუსეთი

რუსეთი საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების გამო საყვედურობს

mid.ru

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებებზე დაკავებული პოზიციის გამო საყვედურობს.

„სამწუხაროდ, ქართული დელეგაცია არ არის მზად, ჟენევის დღის წესრიგის საკითხებზე ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილებების ერთობლივი ძიებისათვის“, - განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.  

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების შეწყვეტაზე „საუბარი არ არის“.

შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების 26-27 ივნისის რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, „ჟენევის დისკუსიების შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება“, რაზეც პასუხისმგებლობა მან ქართულ მხარეს დააკისრა.

როგორც, თავის მხრივ, ოფიციალურმა თბილსმა განმარტა, მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების ქმედებები გახდა, რომლებიც მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ექსპერტების სტატუსით მონაწილეობენ. კერძოდ, ისინი შეეცადნენ შეხვედრების ფორმატი შეეცვალათ და დასწრებოდნენ იმ სამუშაო ჯგუფის სხდომას, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ მხარეების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

მოლაპარაკებებზე თბილისმა საზღვრის უკანონოდ გავლების საკითხი დააყენა და შესაბამისი დოკუმენტური მასალაც წარადგინა. ქართული მხარის შეშფოთება შუამავლებმაც გაიზიარეს. 

კომენტარები