საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი
sknews.ge

პროკურატურა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პირები, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება ედებოდათ ბრალად, სასამართლომ 3 ივლისს გაამართლა.

პროკურატურის განცხადებით, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით. პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ პაპუაშვილს უთხრა, რომ ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატურ სასჯელად მიიჩნია, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში. 

პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და ამავე პოლიციის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე თვის წინ, მოქალაქე ვ.გ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. ვ.გ მიუთითებდა, რომ სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სკამის ფეხით გააუპატიურეს.

კომენტარები