ევროპა ლიგა

დღეს ჩიხურა და ტორპედო ევროპა ლიგის მატჩებს გამართავენ

uefa.com

დღეს, უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ორი ქართული კლუბი გამართავს. თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერის ჩიხურა ლიხტენშტაინის ვადუცს უმასპინძლებს, ქუთაისში კი ტორპედო სლოვაკურ ჟილინას შეხვდება.

საჩხერელებმა შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს და ლიხტენშტაინური გუნდის დამარცხებას სწორედ გამოცდილების ხარჯზე აპირებენ.

"გუნდში კარგი განწყობაა. ევროტურნირზე პირველად გამოვდივართ და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი სტიმულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ მეტოქე შეტევაზე ორიენტირებულია. თუმცა, ზუსტად მაინც არ ვიცით, ვადუცი რა გუნდია. შეთამაშება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩვენი ახალწვეულები ევროსარბიელზე საკმაოდ გამოცდილები არიან. მიმაჩნია, რომ კარგი დასაწყისი გვექნება", - განაცხადა ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

ტორპედოს შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებული და ახალგაზრდულია, გუნდს კი ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა წვრთნის.

"ვფიქრობ, გუნდი კარგად არის მომზადებული. ავსტრიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს გამოიღებს არა მარტო ხვალინდელ მატჩში, არამედ განმეორებით შეხვედრაშიც. ჟილინა განთესილებში მეორე პოზიციაზე იყო და ამ წყვილში ფავორიტი სწორედ ის არის, მაგრამ ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ.

მატჩი ჩიხურასა და ვადუცს შორის თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ტორპედო და ჟილინა ერთმანეთს   ქუთაისში 21:00 სთ-ზე შეხვდებიან.

 

 

კომენტარები