თავდაცვა

სააკაშვილი: პრემიერმა შეიკავოს თავი ჯარზე აგდებული ლაპარაკისგან

Georgia's President Saakashvili holds a news conference after meeting EU Council President Van Rompuy in Brussels
Francois Lenoir / REUTERS

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. როგორც ბიძინა ივანიშვილმა 3 ივლისს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი არ ენიჭება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, „რა თქმა უნდა, დიპლომატია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დიპლომატიას თუ არ უმაგრებს ზურგს თუნდაც რაღაც დონის შეიარაღებული ძალები, ეს დიპლომატია არის წარუმატებელი“.

„მინდა ვთქვა ბატონი ივანიშვილის გასაგონად, რომ 2008 წელს, რომ არა ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობა, რომ არა ის, რომ პირველმა ჩვენმა შენაერთებმა გააქციეს 58-ე არმიის მეთაური ხრულოვი, მოიგერიეს პირველი შეტევები, ჩამოყარეს პირველი საფრენი აპარატები, ჩვენ არ გვექნებოდა დრო დიპლომატიისთვის და საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   

„მე ვურჩევდი მას, მომავლისთვისაც, არა მხოლოდ როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ, შეიკავოს თავი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ასე აგდებული ლაპარაკისგან. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს კარგად ეხმიანება და მიჰყვება მტრის პროპაგანდას. დღეს მან არაერთხელ თქვა, რომ რაღაც საკითხებში ეთანხმება ვლადიმირ პუტინს, რაც ძალიან სავალალოა. მაგრამ ეს აზარალებს იმას, რაზეც დგას ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველოს მომავალი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ამაყობს საქართველოს შეიარაღებული ძალებით და მიაჩნია, რომ „მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში და გააგრძელებენ გადამწყვეტი როლის შესრულებას საქართველოს მომავლისთვისაც“. 

კომენტარები