თბილისის მერი

საქალაქო სასამართლოში უგულავას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

უგულავას ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებს, თავად უგულავას სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

გუშინ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების საქმიდან ამოღების შესახებ, რისი შუამდგომლობაც  უგულავას ადვოკატებმა წინა სასამართლო პროცესზე დააყენეს. 

"პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დასამტკიცებლად წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების უმრავლესობა გამოძიების მიერ მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევით და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმიდან კონკრეტული მოწმეების ჩვენებების ამოღებისა და სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან რამდენიმე მოწმის ამორიცხვის შესახებ, როგორიცაა, მოწმე ჯოზეფ ქეი, რომელმაც "შეძლო" და გამოძიებას 5 თვის შუალედში 600 სიტყვისგან შემდგარი ორი აბსოლუტურად იდენტური ჩვენება "მისცა". რაც შეეხება ზოგადად ჯოზეფ ქეის სანდოობას, ამის თაობაზე სასამართლოს წარედგინა ლონდონის, ფლორიდისა და გიბრალტარის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ დასკვნებს აკეთებენ - ბატონი ქეი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია დამაჯერებელი პასუხები გასცეს შეკითხვებს, რომელზეც მას დასაბუთებული პასუხი უნდა ჰქონდეს; ბატონი ქეი ნამდვილად არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც ამბობს სიმართლეს; ბატონი ქეისთვის სიმართლე ბურუსით მოცულია; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომლის განმარტებები სარწმუნო არ არის; ბატონი ქეი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცრუისადმი აშკარა მიდრეკილება. ასევე საინტერესოა, რომ მოწმე ნინო ბაქრაძემ, გამოძიებას მათთვის სასურველი ჩვენება მხოლოდ მეხუთე დაკითხვისას "მისცა" და მისი წინა 4 ჩვენება ამ უკანასკნელისგან არსებითად განსხვავდებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილი არიან მოწმეები, რომლებიც გამოძიებამ კანონის დარღვევით, ღამის განმავლობაში დაკითხა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურა გიგი უგულავას ტელეკომპანია იმედისა და შპს თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კომენტარები