ციხის სკანდალი

ივანიშვილი პროკურატურაზე: ვინც აწამებდა, ასეთებთან დადეს საპროცესო შეთანხმება?

”ვისაც ჩადენილი ჰქონდა წამება, ასეთებთან დადეს საპროცესო შეთანხმება?” - კითხვითვე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში ადამიანების წამებაში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე მისი ხელისუფლების დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა, სხვა რვა ადამიანთან კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის შედეგადაც რამდენიმე უკვე გათავისუფლდა. ტაბულა დაინტერესდა, მომავალში ეს წამებას ხომ არ წაახალისებს, რადგან ამ ადამიანებმა იციან, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, ისეთი მძიმე დანაშაულიც კი შეიძლება მიეტევოთ, როგორიც ადამიანის წამებაა.

”გამიჭირდება პასუხის გაცემა, რამეთუ თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მე ვეთანხმები თქვენს კითხვას და მეც ვუერთდები. თუ ეს ასეა, მე დამატებით გამოვიკვლევ, ასე არ უნდა იყოს. თუ თქვენ ეგ გაქვთ მხედველობაში, რომ ადამიანი წამებაში იღებდა მონაწილეობას და ის საპროცესოთი გამოუშვეს, მე გეთანხმებით თქვენ და დავინტერესდები ამით და თქვენც მოგაწვდით ინფორმაციას”, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ წამების ამსახველი არც ერთი კადრი არ უნახავს, რადგან ამის დრო არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბასტისა და ბუბუს მეტსახელებით ცნობილ პირებს, ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას და მათთან ერთად კიდევ 6 პირს, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პატიმრების წამების ბრალდებით დააკავეს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, ბუბუს მეტსახელით ცნობილ ბორის ფარულავას და გლდანის #8 დაწესებულების კიდევ ერთ თანამშრომელს, მანუჩარ ლომთაძეს, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამ პირებმა სასჯელი უკვე მოიხადეს და თავისუფლები არიან.

საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მიხედვით, ადამიანთა წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ა) მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

მთლიანობაში ამ საქმეზე ბრალდებულ 17 პირზე სასჯელის მაქსიმალური ვადა 6 წლით განისაზღვრა.

კომენტარები