პრესკონფერენცია

ივანიშვილი: 20 წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო ვიქნები

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის უახლოეს მომავალში მართლაც აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. თუმცა, მისი განმარტებით, ის საქართველოში დარჩება და როგორც საზოგადოების აქტიური წევრი გააკონტროლებს ხელისუფლებას. ივანიშვილის თქმით, ის ხელისუფლების არაფორმალურ ლიდერობას არ აპირებს. პრემიერის განცხადებით, ის შემდეგი ოცი წლის განმავლობაში იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო. ამის შესახებ ივანიშვილმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"მინდა დავაწყნარო საზოგადოება, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩემს წასვლას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. იქნებ ვეცადოთ, რომ ამ თემით სპეკულაციას მოვერიდოთ, რამეთუ მე ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ. ახლაც კი, რომ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება აზრადაც კი მქონდეს, მერიდება. მე პირდაპირი მიმართულებით გავწირე თავი, როცა პოლიტიკაში მოვედი. ნურავის ექნება ილუზია, რომ პროცესები, რომლებიც ახლა ლაგდება და იხვეწება, რომ მე ამ პროცესებს გამოვეცალო და ვიღაცას დასანგრევად დავუტოვო. [...] პირობას გაძლევთ, წასვლის წინ, საკმარისი დროით ადრე, მე გავაკეთებ განცხადებებს, საკმარისი დროით ადრე განვუმარტავ ყველას და თუ ვერ დავარწმუნებ, მე არსადაც არ წავალ. და თუ მე დამარწმუნებენ, რომ აქ უფრო საჭიროა ჩემი ყოფნა, სადაც ვარ დღეს, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები. ნუ გავაკეთებთ ამაზე აქცენტებს, რამეთუ ეს საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს. ვფიქრობ, კიდევ 20 წელიწადი ვიქნები სასარგებლო საზოგადოებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერს მისი წასვლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებაც ჰკითხეს. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება დაპირებებს დროზე ადრე და გადაჭარბებით ასრულებს და ეკონომიკურად შემდეგი წელი უკეთესი იქნება, 2015 წელი კი ძალიან კარგი. 

“რაც დაპირებები გვქონდა არჩევნების პროცესში, ზოგიერთ მათგანს დროზე ადრე და გადაჭარბებით ვასრულებთ. წლების განმავლობაში უნდა მოახერხოს საქართველომ აღორძინება, რადგან ეკონომიკა არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება ყოველწლიური შრომა, რათა მან მოიპოვოს ძალა. პოლიტიკაში არყოფნით უფრო საინტერესო ვიქნები ეკონომიკური მიმართულებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ეკონომიკაში დევს ყველა გასაღები ჩვენი პრობლემების”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები