ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

უსუფაშვილი ეუთოს მისიის აღდგენას ითხოვს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

„ჩვენ, მთავრობა და მოსახლეობა, ვცხოვრობთ პირობებში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ პროცესს 21-ე საუკუნეში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სათანადო მექანიზმები იქნება გამოყენებული და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდება“, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სტამბოლში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირება ქვეყანაში რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა, საკითხის დღის წესრიგში დაყენება კი რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ ტერორისტების მფარველობაში დადანაშაულების ფაქტების გახშირებას მოჰყვა.

უსუფაშვილმა ეუთოს წევრ ქვეყნებს, საქართველოში მისიის დაბრუნებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა სთხოვა. შევა თუ არა ასამბლეის რეზოლუციაში ცვლილება, რომელიც ქართულმა დელეგაციამ დღის წესრიგში დააყენა, ხვალ გახდება ცნობილი. ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, თბილისის წინადადება რეზოლუციის პროექტში უკვე შეიტანა.

დავით უსუფაშვილმა წინა ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა და ასამბლეის წევრებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგის გაზრდა სთხოვა.

„ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ, როგორც კრიტიკულ, ისე სასიამოვნო რეკომენდაციებს და ყველას გთხოვთ, ფრთხილად იყოთ, სანამ დასკვნებს გააკეთებთ, როგორც ეს საკომიტეტო მოსმენებზე მოხდა, როდესაც შერჩევით სამართალსა და კანონის უზენაესობაზე იყო საუბარი. საქართველოში სააკაშვილმა პროგრესს მიაღწია, მაგრამ იყო ბევრი პრობლემა, დაუსჯელობა და წამება. ამიტომაც გთხოვთ, გაზარდოთ მონიტორინგი და თავად დააკვირდეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები