ევროპის სახალხო პარტია

EPP: ახალი ხელისუფლება ევროპა-საქართველოს ურთიერთობას საფრთხეში აგდებს

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. კონფერენციას "საით მიდის საქართველო" ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი და მისი პირველი მოადგილე, ზაზა მეიშვილი ესწრებოდნენ. 

"საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოვიდა, მაგრამ ახლა ის ამ მემკვიდრეობას საფრთხის ქვეშ აგდებს. მისი [მთავრობის] ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპასთან უფრო ღრმა ურთიერთობას", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეთავმჯდომარემ, გუნარ ჰიოკმარკმა.  

"საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში საუკეთესო პარტნიორი იყო და მასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას სულმოუთმენლად მოველით. მაგრამ დღევანდელი მთავრობის სტატუსი და მისი მოქმედება ოპოზიციის, დემოკრატიული ღირებულებების და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, ამ მოლაპარაკების წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებს", - განაცხადა ევროპარლამენტის უსაფრთოებისა და თავდაცვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარემ, ქშიშტოფ ლისეკმა. 

ლისეკის თქმით, ხანდახან მეგობრებს და პარტნიორებს შორის მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა და არა ფაქტების დამალვა. 

"მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დააყენებს ეჭვქვეშ დემოკრატიულ ტრანზიციას, სრულად ჩაერთოს ოპოზიციასთან დიალოგში და ერთად იმუშაონ ევროინტეგრაციის საკითხზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლება ევროპულ მიზნებთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს ევროპას აშორებს", - განაცხადა კონფერენციაზე ლისეკმა. 

"სასამართლო სისტემის პოლიტიზებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიას საფრთხის ქვეშ აგდებს. დასაგმობია საქართველოს ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება. მიუღებელია, რომ პოლიტიკური უმრავლესობის და მთავრობის წევრები ოპოზიციას სასამართლო პროცესით ემუქრებიან", - აღნიშნა ჰიოკმარკმა.

"საქართველოს ადგილი ევროპაშია და უნდა იცოდეთ, რომ გაძლიერებული თანამშრომლობისთვის კარი ღიაა. ასე რომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ოპოზიციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემა დაამტკიცოს", - განაცხადა კონფერენციის დახურვისას ჰიოკმარკმა. 

 

კომენტარები